RSS

#8: გააუმჯობესე სხვისი ბლოგი

02 Nov

ვაიმე მე ერთი ბლოგი მომწონს ძალიან :)) ის გოგო მე მეგობარ ბლოგერად ავირჩიე მაგრამ ახლა სხვა ბლოგი გააკეთა და ისევ მის ახალ ბლოგს ვირჩევ!!🙂 http://iamnotpopular.wordpress.com/

ერთი პოსტი კი განსაკუთრებით მომეწონა ამიტომ თქვენც დახედეთ

ახალი თაობა

რას ნიშნავს თაობა 13-19?

ახალი თაობა…. ამ სიტყვების გაგონებისას აუცილებლად გავიგონებთ შემდეგსაც: სულ წავიდნენ ხელიდან…

თვლწინ წარმოგვიდგება მოხუცი ან სულაც არცისე მოხუცი ადამიანი რომელიც ხელიქნევით იძახის შემდეგს:

სწავლა ამათ აღარ უნდათ, უფროსის პატივისცემა ამათ არ იციან.. მთელი დღე კომპიუტერებს უჩხაკუნებენ ან ქუჩაში დაწანწალებენ…

თემა – ახალ თაობებთან დაკავშირებით – დღევანდელობის ერთერთი განსჯის საგანია…

ფრაზები ”ჩვენ დროს ასე არ იყო” ”ჩვენ დროს მთელი დღე მარტო ვმეცაიდნეობდით” ”ჩვენ დროს თავისუფალი დრო თიტქმის არ გვქონდა” კი უკვე გაცვეთილ ფრაზებად იქცა, რომლებსაც ვუსმენთ მაგრამ თავში არ შეგვდის, ვიგებთ მაგრამ ყურებში არ ვუშვებთ : ))

რატომ? იმიტო რომ არ გვინდა გავიგოთ… რატომ? იმიტომ რომ ასე გვინდა ცხოვრება .. რატომ არ უნდა ესმოდეთ ჩვენი, ჩვენს მშობლებს? მათ მშობლებს? მათი მშობლების მშობლებს? მათი შობლების მშობლების მშობლებს? ასე , შემიძლია გავაგრძელო უსასრულოდ, ასე რომ არ მოხდეს, ვნახოთ როგორია თინეიჯერების დამოკიდებულება : ) ჩვენი აზრები, გრძნობები, ემოციები, ფიქრები… ბლაბლაბლა…

,

, .

,

ინტერვიუ 10 თინეიჯერთან! (ინტერვიუ რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ ”ცხელ შოკოლადში’)

,

გაგა მაისურაძე, 18

მე სკეიტერი ვარ. 14 წლიდან ვსრიალებ და სკეიტბორდინგი ჩემი ცხოვრების წესია. თავიდან ინტერნეტში ინსტრუქციებით ვცდილობდი ტრიუკების კეთება მესწავლა. ბევრს ვწვალობდით და ასე ნელ-ნელა დავხვეწეთ. ისე ეკონომიურზე ვსწავლობ. იქ სწავლა არ მომწონს. მომავალი წლიდან პროგრამირებაზე გადავალ თსუ-ში. ვიცი, იქაც ვერაფერს ვისწავლი, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემით შევძლებ რაღაცეების კეთებას. არსებობს სპეციალური საიტები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობას გასწავლის, მყავს პროგრამისტი მეგობრებიც და ასე ვაპირებ სწავლას.
თავისუფლება ნიშნავს სრულად აკეთო ის, რაც გინდა და არაფრით შეიზღუდო. არის ბევრი რამე, რასაც შეგნებულად არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ვიცი, რაღაც პრობლემები შემექმნება. მაგალითად, მომდის ხოლმე უცნაური იდეები თავში. აი, თუნდაც ნახევარი თავი თეთრად შევიღებო, ნახევარი შავად. ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვჩხუბობთ მარტო იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს მე რომ სკეიტზე ვდგავარ. მოვა ვიღაც და დაიწყებს გარკვევას თუ რატომ ვარ მე “ეგეთი”, “სხვანაირი”, სკეიტზე რომ ვდგავარ, ეგეთი რატომ ვარ. მერე გადადის ცინიზმში, თუ გაატარე, თავში წამოგარტამს, გეუზრდელება. ამიტომ ვცდილობთ პირველივე სარკაზმზე აგრესიით ვუპასუხოთ. ეს ჩხუბები ხანდახან კვირები, შეიძლება თვეც გაგრძელდეს. თუ ძალიან გართულდა ამბავი, მერე “ქუჩის ელიტის” დახმარება ხდება საჭირო.
ამ აგრესიას აქვს თავისი მიზეზი. ეს, მგონია, იმის ბრალიც არის, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კრიმინალებს რომ გაუჩნდათ ძალაუფლება. ისინი გახდნენ ეგრეთ წოდებული ელიტის ნაწილი. ეს ძალიან ცუდი ტენდენცია და მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც აფხაზეთის ომის ნანგრევებში გაიზარდა. წარმატებული ადამიანი კრიმინალებთან ასოცირდებოდა. წარმატების მიღწევაც, მათი აზრით, მხოლოდ წართმევით და ძალადობით შეიძლება. ამიტომ არ მიკვირს ის, რაც დღეს ხდება. იმის მჯერა, რომ ამ ზეგავლენისაგან თავისუფალი თაობა ეხლა იზრდება, ისინი, ვინც ჯერ 6-7 წლისანი არიან და ამ ყველაფერს არ მოსწრებიან.
ისე, ძალიან რაც მინდა, იმას მაინც ვაკეთებ. პირსინგები და ტატუ რომ მინდოდა, რომელსაც მაინცდამაინც ქურდული მნიშვნელობა და ახსნა არ ჰქონდა, გავიკეთე. თმა მინდოდა გრძელი და მაქვს.
ბავშვობაში ბიოლოგია მიყვარდა და 12 წლისამ ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. კომპანიას “ფიტო დიზაინი” ერქვა და ეზოების გამწვანებით, ინტერიერის ფიტო-დიზაინით იყო დაკავებული. მე კონსულტანტი ვიყავი, კლიენტებს მცენარეების შერჩევაში ვეხმარებოდი. მერე არსებობდა ასეთი არასამთავრობო ნაღმსაწინააღმდეგო ორგანიზაცია, სადაც ახალგაზრდულ მოძრაობაში ვიყავი. ვატარებდით აქციებს, ვაწყობდით კონფერენციებს, საქველმოქმედო აქციებს ნაღმების საწინააღმდეგოდ. მოვუწოდებდით მთავრობას და სახელმწიფო დაწესებულებებს არ გამოეყენებინათ ნაღმები.
პატრიოტიზმი ჩემთვის ორნაირია, ერთია, რაც სკოლაში მასწავლეს და მეორეა, რასაც მე განვიცდი. მიხარია, ჩემს ქვეყანაში რაიმე კარგი რომ ხდება. მინდა, რომ მეც მივიღო მონაწილეობა რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლაში. მეც ხომ შემიძლია, მაგალითად რომელიმე სფერო უფრო განვავითარო. რაიმე სიახლე შემოვიტანო. ვამაყობ იმითაც, რომ მე პირველი სკეიტერი ვარ თბილისში და შეიძლება მთელს საქართველოშიც. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სკეიტბორდინგი ერთგვარ კულტურად მკვიდრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და მისდევს სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობას. საქართველოში, ვიცი, ეს ვერ გახდება ჩემი პროფესია, ვერ ვიშოვი ამით ფულს, რომ ოჯახი ვარჩინო, არ გამომივა, მოკლედ, პროსკეიტერობა. მაგრამ არა უშავს..

სალომე ტიმჩენკო, 15არ მომწონს სკოლა. მასწავლებლებს არა უშავთ, ბავშვები არ მომწონს, იმიტომ, რომ ისეთები არიან, მთელი საქართველო როა, ერთნაირები – ინდივიდუალური არაფერი გააჩნიათ. სხვასაც ვერ აღიქვამენ ადამიანად. ზუსტად მაგათნაირი რახან არა ვარ, ვერ წარმოუდგენიათ ჩემთან მეგობრობა, მაგრამ რა ვქნა.. მე ვუკრავ კონტრაბასზე და იმას ვსწავლობ, რაც მაინტერესებს. ეს არის მუსიკა. მუსიკალურ ათწლედში კლასიკას ვსწავლობ, ისე პანკს ვუსმენ. სკოლაში ახლო მეგობრები არ მყავს, ისე ბევრი მყავს ძაან.
ჩემი მეგობრები თავისუფალი ადამიანები არიან. თავისუფლება ჩემთვის მასის გავლენისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს. მე ამ გავლენისაგან თავისუფალი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს და არ მადარდებს, რას ფიქრობენ სხვები. მთავარია, მე მომწონდეს და რაც მე მომწონს, ჩემი მშობლებისთვის და მეგობრებისთვის არასდროს არის რაღაც უცნაური და საოცარი.
არ მომწონს ისეთი ბიჭები “ბეზპრედელნიკებს” რომ ეძახიან, ამ “ახევებზე” რომ ფიქრობენ, ოდნავ განსხვავებულს დაინახავენ და გვერდზე გაჰყავთ საცემად. ისიც მაღიზიანებს გოგოებს ასეთი ბიჭები რომ მოსწონთ. მათი გულისთვის ბიჭები ერთმანეთს თავპირს რომ დაამტვრევენ, უხარიათ, იმიტომ, რომ ამ გოგოს ავტორიტეტი სხვების თვალში ეგრევე იზრდება.
ცოტა ხნის წინ ნახევარ თავზე თმა გადავიპარსე. ქუჩაში რომ დავდიოდი, ხალხს მაგარი რეაქცია ჰქონდა. ზოგი ამბობდა საწყალი, ალბათ, უპატრონოაო, ზოგი – მაგას ქეცი ჭირსო, ზოგი იგინებოდა, რა თაობა მოდის, ქართველებს გვარცხვენენო. რა უნდა მეთქვა, მეცინებოდა. მაგათი აზრი არასდროს მაინტერესებდა. სხვების გულისთვის ხომ არ გადამიპარსავს თავი, ამას ჩემთვის ვაკეთებ. მომწონს და იმიტომ.
იმ დღეს კლასელებთან ერთად ვიყავი სადღაც, მარხვაზე იყო თითქმის ყველა. რატომღაც მოვყევი, მეც მიმარხულია-მეთქი.შენ მარხვაზე როგორ უნდა იყოო, მითხრა ერთმა. რატომ, რანაირი ვარ-მეთქი, ვკითხე. აი, ეგრე სტერეოტიპულად აზროვნებენ, – რახან მე პირსინგები მაქვს და პანკს ვუსმენ, ე.ი. ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება მქონდეს. არადა კარგი გოგოა, ვერ მიხვდა უცებ რას მეუბნებოდა. მერე ბოდიში მომიხადა, მაპატიე, ასეთი რამე რო გითხარიო.
მეგობრებთან ერთად ვერთობი, მუსიკას ვუსმენთ, სადმე საინტერესო კონცერტი თუ არის და როკს უკრავენ, მივდივართ. ასეთი კონცერტები იშვიათად იმართება ხოლმე და ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, გახურდები და მთავრდება.
აქ არტი არ უნდათ, მუსიკაც, ესტრადა უფრო აინტერესებთ. ესტრადა მე არ მიყვარს, როკს ვუკრავ. სწავლასაც საქართველოში არ ვაპირებ, აუცილებლად წავალ სადმე. დავბრუნდები თუ არა, ეგ უკვე აღარ ვიცი. თუ შემეძლება აქ ის საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს, მაშინ ჩამოვალ, თუ არა და არა. მარტო იმიტომ, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არ ჩამოვალ. ეგეთი გადარეული პატრიოტიც არ ვარ.,

ლუკა გობეჩია, 14

სკოლა არ მიყვარს, მარტო მე არა, ბევრს არ უყვარს. ბავშვებიც არ არიან ისეთები, როგორიც მინდა რომ იყვნენ. აღიზიანებთ ჩემი ჩაცმულობა, ის, რასაც მე ვუსმენ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მიყურებენ, თითქოს რაღაც უცხო ცხოველი ვიყო. მე უკვე შეჩვეული ვარ და აღარ მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს. მასწავლებლები არაფერს არ მეუბნებიან.
ეს ხელბორკილი იმიტომ გვიკეთია, რომ ყველასგან გამოირჩევა. თან მოგვწონს და თან სხვებისგან გამოგვარჩევს.
თავისუფალი არა ვარ და მგონია, რომ საქართველოში არავინ არის თავისუფალი. იმიტომ, რომ სხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს. არ მაინტერესებს დიდად, მაგრამ მიწევს მაინც რაღაცეების გათვალისწინება. იქ სკოლა, იქ მშობლები. მამაჩემს და ჩემს ძმას არ მოსწონთ, როგორც ვიცვამ. უფროსი ძმა მეუბნება, რომ მე ასე არ უნდა ვიარო. ვეუბნები, გამოვიცვლები რამდენიმე წელიწადში და ასეთი აღარ ვიქნები-თქო. შეიძლება, ტანსაცმელი გამოვიცვალო, მაგრამ შინაგანად ისეთივე დავრჩე. შეიძლება, მომბეზრდეს და შევიცვალო კიდეც. სრულწლოვანი რომ გავხდები, წავალ საზღვარგარეთ სასწავლებლად. არქიტექტურა მაინტერესებს, ან კიდე შეიძლება რეჟისორი გამოვიდე. ოჯახში მითხრეს, რომ გაიზრდები, უცხოეთში გაგიშვებ სასწავლებლადო. იქ უფრო მეტ რამეს მივაღწევ ვიდრე აქ. ისე, ჯობდა ამერიკაში მეცხოვრა, იქ უფრო მეტი თავისუფლებაა. მაგრამ არა უშავს, აქაც კარგია.

გვანცა შალიკიანი, 14
სკოლაში ბოლო მერხზე ვჯდები, ჩემთვის. ათასში ერთხელ გაკვეთილს თუ მოვყვები, რაღაცეებს ვსწავლობ, გეოგრაფია მაინტერესებს. უფრო ბიჭებთან ვმეგობრობ. ჩემს სკოლაში გოგოებს ძირითადად ჩაცმა აინტერესებთ, მაგრამ მაინც ერთნაირად აცვიათ. მარტო მე დავდივარ ასეთი ჩაცმული. ეს ბოქლომი მომწონს და იმიტომ მიკეთია. ეს ჩაკეტილი გულის სიმბოლოა. ჩემი საყვარელი ადამიანი შიგნით ჩავკეტე… მაღიზიანებს ქუჩაში საშინელი თვალებით რომ მიყურებენ. ხანდახან მაგინებენ, დაურტყიათ კიდეც. რატომ ხარ აქ თუ არ ხარ ჩვენნაირი – მიზეზი ეს არის. ახსნასაც ვცდილობ მაგრამ არ ესმით. მივეჩვიე და ისე აღარ განვიცდი, ყურადღებასაც არ ვაქცევ. ორ წელიწადში ლონდონში მიშვებენ მშობლები სასწავლებლად. სწავლას რომ მოვრჩები, იქ საცხოვრებლად დავრჩები ალბათ. მშობლებსაც უნდათ იქ რომ დავრჩე. ჟურნალისტობას ვაპირებ.

დათო, 15არ მინდა, ჩემი ფოტო რომ გავიდეს ჟურნალში. დამატებით პრობლემების შექმნა არ მინდა. ჩემი თავიც არ მომცემს მაგის უფლებას, რომ ჩემი ფოტო ჟურნალში დაიბეჭდოს. არ მინდა, ჩემი სახე ხალხმა რომ ნახოს. რატომ – არ ვიცი, მიჭირს ახსნა. არ მოსულა, რა. თუნდაც იმის გამო, რომ მაქვს რაღაც პრობლემები პოლიციასთან. ჩემს ფოტოს რომ ნახავენ და რაღაცეებს წაიკითხავენ, კიდევ მეტ პრობლემას შემიქმნიან, რათ მინდა?!
ეგრე ვცხოვრობ, ქუჩაში ვარ გაზრდილი და სხვანაირად ვფიქრობ. ამბიციური ვარ ცოტა. არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვინმემ რამე დამიშავოს და მე იმას ერთი ზედმეტი სიტყვა შევარჩინო. ყოფილა ეგეთი შემთხვევა, მომხვედრია ხელი და სანამ იმათთვის უარესი პასუხი არ გამიცია, მთელი ღამე ვწოლილვარ და გამითენებია მაგაზე ფიქრში, რომ, შური მალე მეძია. დილიდან ღამემდე მიდევნია, საჭირო მომენტი რომ არ გამეშვა ხელიდან. შურს რო იძიებ, შეიძლება დაგიჭირონ, მაგრამ სამაგიეროდ, ისე იქნები, ამაყად.
მაგაზე ვფიქრობ, ჩემი საქციელით შეიძლება ჩემს თავსაც და ჩემს ოჯახს, მეგობრებს რაღაც ზიანი მივაყენო. მაგრამ ეგ მომენტი რომ დგება, ვიღაც შეურაცხყოფას რომ მომაყენებს, ისე გამოვდივარ წყობიდან, რომ მაგაზე უკვე აღარ ვფიქრობ. დამიჭრია ადამიანი ბევრჯერ, დანითაც და იარაღითაც. იმ მომენტში მარტო იმაზე მიფიქრია, რომ რაც შეიძლება მეტად დამეზიანებინა ის, ვინც მე გამამწარა.
კი, მიპატიებია კიდევაც. არ გამოდიოდა რო არ მეპატიებინა, ისეთი ხალხი ჩაერია. მაგრამ ღამე რომ ვწვებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. სულ მაგაზე ვფიქრობდი. ჩემი ინიციატივით არასდროს არავისთვის არაფერი არ მიპატიებია.
ჩვენ არავის არ ვეხებით, ჩვენთვის ვართ. თუ დამიშავებენ, მეც ვუპასუხებ. არავისთვის, არასდროს ჩაცმის გამო, ან გარეგნობის გამო არაფერი მითქვამს. ვისაც რა უნდა, ის ჩაიცვას და ისე იცხოვროს. შეიძლება არ მომეწონოს, მაგრამ არაფერს ვეტყვი. აი, გეიები მეზიზღებიან. გეიპარადს ხო გეგმავდნენ. ეგ რო გაეკეთებინათ, ვისაც კი ვიცნობ და წესიერ ადამიანად აღვიქვამ, ყველა ერთად შევიკრიბებოდით, ჩავიდოდით პარკში და ვინც შეგვხვდებოდა, ყველას მაგრა ვცემდით. ხელით კი არა, ბიტით უნდა ცემო ეგენი. რო ვუყურებ, ყელში მიჭერს რაღაც, ისე მეზიზღებიან. ეგეთი ადამიანები, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემგან პატივისცემას ვერ დაიმსახურებენ.
ვერთობით, დავდივართ ყველგან, კინოში, ბარებში, რესტორნებში გოგოებთან ერთად. დაბადების დღეებს სუფრაზე აღვნიშნავთ, ვსხედვართ და სადღეგრძელოებს ვამბობთ, ერთმანეთს ვესიყვარულებით. მომწონს ერთმანეთს კარგ რამეებს რო ვუსურვებთ, თორემ, მარტო დალევა არ მსიამოვნებს. ტრადიციულ სადღეგრძელოებს ვამბობთ. ოჯახის, დედმამიშვილების, სამშობლოს. მერე რაც გულზე მომაწვება, იმას ვიტყვი.
კი, ვკითხულობ, იარაღების ჟურნალები მიყვარს.
ეს ეკლესიაც რაღაც ის გახდა ამ ბოლო დროს. მონასტრები ხომ საერთოდ, შეგხვდება ვინმე, კითხავ რას შვებიო და “მონასტერში ვიყავი, ძმაოო”, გიპასუხებს. ეკლესიის ეზოში ჯიპების შეყენებები და მამაოსთვის ძვირფასი საჩუქრების ჩუქნები. დაცვის ბიჭებით ეკლესიაში სიარული. ეგეთ რამეებზე მეცინება, ხანდახან მაღიზიანებს კიდეც. იშვიათად მივდივარ ხოლმე, მაგრამ თუ მივდივარ, ლოცვების მოსასმენად მივდივარ, რაღაცეებზე ვფიქრობ ხოლმე. ბევრჯერ რაღაც ისეთი გამხსენებია ლოცვის დროს, რაზეც მაგრა მინანია. რა ვიცი, მე ასე ვარ. თუ დადიხარ ეკლესიაში, მაშინ, რომ გამოხვალ იქიდან, რაღაც საშინელება აღარ უნდა გააკეთო. ამიტომ იშვიათად მივდივარ.
იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ სანამ ცოლს მოვიყვან, მინდა ჩემი რაღაც მქონდეს. ისედაც შევძლებ ჩემი თავის რჩენას, რომ არ ვიმუშავო. როგორ და ვიღაცეები მომცემენ. არა, არ ვთხოვ არავის, ისე მომცემენ. როგორ და ვეტყვი რომ მომცენ და მომცემენ. არა, ეგ თხოვნა არ არის. არსად წასვლას არ ვაპირებ. ოჯახს კი უნდა, რომ სასწავლებლად წავიდე, მაგრამ მე არ მინდა. უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. რაც მე მინდა, იმ ცოდნას აქაც მივიღებ. თუ ძაან გინდა სწავლა, ყველგან შეძლებ. ძირითადად, იმიტომ ვსწავლობ, რომ დედაჩემს ვასიამოვნო. გაკვეთილებზე დავდივარ, დანარჩენი ისე ვცხოვრობ, როგორც მე მინდა.
აჩო ჩხიკვიშვილი, 13

მუსიკა მიყვარს. მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობ, ვიოლანჩელოზე. როკს და ჯაზს გიტარაზე ვუკრავ. ცოტა ხნის წინ ჯაზ-ბენდში დავიწყე დაკვრა. მოკლედ, მუსიკა მაინტერესებს.
სკოლაში კარგად ვსწავლობ. ცოტა ხნის წინ, გრძელი თმა მქონდა და გაკვეთილიდან გამომაგდეს, მომიწია შეჭრა და ეხლა ასე მაქვს. როცა შემიძლია, სკეიტერებთან ერთად გავდივარ. მიყვარს გარეთ ხეტიალი.
ეს აკრძალვები ნერვებს მიშლის. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. ეს თავისუფლების შეზღუდვაცაა. რას მიაღწევ მაგით, სექსს რომ უკრძალავ ქორწინებამდე ახალგაზრდებს?! ყველაზე ძალიან ძველბიჭობა და “სწერვა” გოგოები მაღიზიანებს, თავისთავზე რო აქვთ დიდი წარმოდგენა. მაგათ აზრს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და ვცდილობ, ნეიტრალურად ვიყო მათთან.
არ მომწონს უსიყვარულობა. მინდა შეყვარებული მყავდეს, მარტოდ რომ არ ვიგრძნო თავი. რატომღაც უჭირთ გოგოებს შეყვარება. არ ვიცი რატომ.

ერეკლე სალაყაშვილი, 15

დილას ვიღვიძებ 9-ის ნახევარზე და სკოლაში მივდივარ. აუცილებლად ვიგვიანებ და ძირითადად, მეორე გაკვეთილზე მივდივარ. ან საერთოდ არ მივდივარ, უფრო ხშირად არ მივდივარ, მეზარება.
ცოტა ხნის წინ, პირველ არხზე გავიდა ჩემი ინტერვიუ, სადაც მკითხეს, როგორი იყო ჩემთვის იდეალური ქალი. საშინელებები ვთქვი მაშინ; ვთქვი, რომ ქალს უნდა შეეძლოს დალევა და უნდა იყოს გოთი. რა იციან იმათ, რა არის გოთი. მეორე დღეს ისტორიის მასწავლებელმა დერეფანში გამაჩერა და ეგ რა გილაპარაკიაო, მკითხა. უბრალოდ, ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი-მეთქი, ვუპასუხე. შენ სკოლა შეარცხვინეო.
მთელი ერთი თვე დამრიგებელს კლასში რამე რომ არ მოეწონებოდა, ყველაფერს მე მაბრალებდა, რაღაცნაირი გაბრაზებული მიყურებდა სულ. ამ დროს, არასდროს კლასის აჯანყებებში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მაინტერესებს ეგეთი რამეები. სიუჟეტის მეორე დღეს რა დამავიწყებს, სკოლაში რომ მივედი და ყველა მე მიყურებდა – საშინელება იყო.სწავლით ჩემთვის ვსწავლობ. დავდივარ მასწავლებლებთან, მათემატიკაზე, ინგლისურზე. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ აქ არა. შეიძლება აქ ჩავაბარო, ერთი წელი ვისწავლო და მერე წავიდე. წასვლით კი ნამდვილად წავალ. ოჯახმა მითხრა გაგიშვებთო. სკოლაში რა უნდა მასწავლონ? შემოვა მასწავლებელი, ტელეფონზე დარეკავს, ან რამე წასაკითხს დაგვიტოვებს და თვითონ გავა. ერთი-ორი კარგი მასწავლებელი კი გვყავს, ქართულში მაგალითად.
სკოლაში კარგად ვარ ყველასთან, კარგად ვესალმები და ვემშვიდობები, მეგობრობით არავისთან არ ვმეგობრობ. ისე, უფრო ხშირად მძინავს სკოლაში. მეძინება ხოლმე გაკვეთილებზე, მერე ვინც გვერდით მიზის, ის მაღვიძებს.
სკოლაში ადრე უფრო ხშირად ვჩხუბობდი. აგდებულად მექცეოდნენ. ისე, მოდიოდნენ, დაჩაგვრის ამბავში და რაღაც მიზეზებს იგონებდნენ, მაგალითად ის გოგო რატომ მოგწონსო მეუბნებოდნენ და მცემდნენ. არადა, არ მომწონდა. სკოლაში უფრო წყნარად ვიცვამ. იმდენჯერ მომცეს შენიშვნა, რომ დავიღალე. დამრიგებელი მეუბნებოდა, დირექტორი შენი გულისთვის მეჩხუბება და თუ ასე გააგრძელებ, შენთან ერთად მეც გამაგდებენო. ბოლოს ამომივიდა ყელში და გავიხადე. როგორ არ მიშლის ნერვებს. ვცდილობ პატარა დათმობებზე წავიდე. მერე მგონია შეიცვლება ეს ყველაფერი. ალბათ ჩვენითაც უნდა გავაკეთოთ რაღაცა, რომ რამე შეიცვალოს. ვაკეთებთ კიდეც.
რომ გავიხსენოთ, ოცი წლის წინ როკერი, ან საერთოდ, მასისაგან გამორჩეული ადამიანი სულ თითზე ჩამოსათვლელი თუ მოიძებნებოდა. დღეს უფრო მეტნი არიან. მართალია, უმეტესობა იმიჯისთვის იცვამს ასე, მაგრამ მაინც კარგია, რომ მათაც სხვანაირად აცვიათ.
მე და ჩემი მეგობრები მასისგან განსხვავებულად ვიცვამთ. ექსტრემალურ სპორტს მივყვებით, ზოგი გრძელ თმას ვატარებთ, მუსიკას ვუსმენთ. მე გიტარაზე ვუკრავ.
მაღიზიანებს ის, რომ ქვეყანაში ყოველ დღე აქციაა. მაღიზიანებს ხალხი, ვისაც ჰგონია, თუ ასე გაცვია, ესე იგი გეი ხარ, ან სატანისტი, ან უბრალოდ საშინელი ტიპი.
მინდა, სადმე სხვაგან ვიცხოვრო, უფრო თავისუფალი ვიყო და არავის აინტერესებდეს ჩემი არაფერი. მაგრამ თან არ მინდა ჩემი მეგობრების დატოვება. აქაც ასწორებს ყოფნა. მომწონს, ასე რომ ვცხოვრობ და ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც არ ვიცვლი ჩემს აზრს. მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა. ეს ბრძოლები რაღაც სტიმულსაც მაძლევს. ხანდახან, იმაშიც მეხმარება, რომ კარგად გავიგო მეთვითონ ვინ ვარ.
ახლა ჯგუფს ვაკეთებთ, პანკ როკს დავუკრავთ და ამ ყველაფერს დავუპირისპირდებით – ხალხის შეხედულებებს, ამ მენტალიტეტს და ყველაფერი განსხვავებულის მიმართ საშინელ აგრესიულ დამოკიდებულებას. იქნებ მუსიკით შევცვალოთ რამე ამ ქვეყანაში.

სანდრო, 15

ფოტოზე სახე არ უნდა გამოჩნდეს. ისე დაგელაპარაკებით, ფოტოს და გვარის გარეშე. რატომ და რომ დამიჭირონ? ციხეზე ბიჭები არიან. მერე რაღაც ლაპარაკი რო იქნება, უცებ გაიგებენ ჩემი ფოტო ჟურნალში რომ იყო და არაა წესი, რა. გამრიყავენ და რომც დამჩაგრონ, პასუხს ვერ გავცემ. ჩემი აზრის გამოხატვის უფლება როგორ არა მაქვს, მაგრამ ყველგან არა. ეგეთი რამეები სხვაგან შეიძლება, მაგრამ ეს საქართველოა და აქ კაცობა და ვაჟკაცობა სხვანაირად ესმით. შეიძლება რო დამიჭირონ, ვუშვებ, რატო არ ვუშვებ. რაღაცეები ხდება, ვჩხუბობთ ხოლმე.
საერთოდ, პოლიციასთან ყველანაირი თანამშრომლობა გამორიცხულია. ვთქვათ, ჩემი მეგობარი დაჭრეს, ხო? ის თავს დაჩაგრულად გრძნობს და უნდა რომ გამოჯანმრთელდება, გაამწაროს ის, ვინც დაჭრა. მე რო ის დამჭრელი პოლიციასთან ჩავუშვა, ჩემს მეგობარს შურისძიების შანსი აღარ რჩება. ეს ეგეთი კაცური წესებია. საქართველოში სულ იყო ეგეთი წესები. ქურდული არ არის, ეს კაცობაა. შურისძიება ჩემთვის კაცობაც არის. შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს, ორმაგად უნდა გასცე პასუხი, დაჩაგრული რომ არ დარჩე.
მაგ დროს არ ვფიქრობ, რომ ამ საქციელისთვის შეიძლება პასუხი ვაგო და დიდი მსხვერპლის გაღება მომიწიოს. არ ვფიქრობ და მორჩა. ეხლა შეიძლება ვიფიქრო, მაგრამ იმ დროს ეს არ გამახსენდება. ნუ, იძიებ შურს, წახვალ ამ პაბეგში, იქნები იქ ათი წელი და ჩამოხვალ მერე, რა.
საქმეზე რომ მიდიხარ, დაზოგვა არ არსებობს, არ ფიქრობ მაგაზე. მე თუ მკითხავ, შემთხვევით ხდება რომ გადარჩებიან ხოლმე, ღმერთი არ წირავს. ჩემი ხელიდან ვისაც დანა მოხვდება, ის მკვდარია ჩემგან. ეგრე რომ გავმწარდე? შეგინებაც საკმარისია. ჩხუბის დროს ეგრეა. ისე შეიძლება ადამიანმა გამამწაროს, რომ რამდენიმე წელი ვიცადო, მერე ვიპოვო და დავჭრა კი არა, სანამ არ მოკვდება, იქამდე ვუყურო. ეგრე ჯერ არავის გავუმწარებივარ. დაჭრით დამიჭრია. ვერ დამიჭირეს ფაქტზე. ვინც დავჭერი, იმან, რა თქმა უნდა, არ თქვა ვინ ვიყავი. არ მოსულა და იმიტომ… არაფერი. ჩემი მშობლები, ჩავარდნენ ისტერიკაში, ეს როგორ გააკეთეო. მერე დამშვიდდნენ, მეჩხუბნენ, რა. რა უნდა ექნათ მეტი, ხო არ ჩამაბარებდნენ? დამსაჯეს და სახლიდან არ მიშვებდნენ.
ხანდახან მიფიქრია, რომ ბიჭებთან ერთად ჯდომას და დროის ფლანგვას, ჯობია რომ წიგნი ავიღო და ვისწავლო. ეგ შეგნებული გვაქვს, რომ გაუნათლებლობით ვერაფერს მივაღწევთ. ისე, ძალიან სერიოზულ სწავლას არ ვაპირებ. რას ვაპირებ და ბიზნესი მექნება. რაღაც სწავლა როგორ არ არის საჭირო, მაგრამ გაგიჟებით არ ჭირდება ბიზნესს სწავლა. გაგიჟებით არც არაფერს არ ჭირდება სწავლა.
ჩემთვის ნამდვილი ქართველი ტრადიციების მიმდევარი ადამიანია ვაჟკაცი, თავს რომ არავის დააჩაგვრინებს და უმიზეზოდ თვითონაც არავის დაჩაგრავს. არ უნდა იცანცარო, ქუჩაში არ უნდა იყვირო, ისულელო. ჩემს სამშობლოს რომ დაჭირდეს, ომშიც წავალ. მაგრამ სამშობლოს სიყვარული მარტო ომში წასვლა არ არის. ბევრი რამე შეგიძლია შენი სამშობლოსთვის გააკეთო. აი, საზღვარგარეთ რომ წახვალ, ისე არ უნდა მოიქცე, რომ შენს ქვეყანაზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნათ. რომ მიდიან და ყაჩაღობენ, ჩემთვის მიუღებელია. არ მომწონს ჩვენს ქვეყანას რომ არცხვენენ. მეც მიყაჩაღია, მაგრამ საქართველოში. თავანი მქონდა ჩასატანი და ვიღაც არიფს ოქროს ცეპი წავართვი. ეგ სულ სხვა რამეა, ისინი იპარავენ იმიტომ, რომ მოიპარონ და მე იმიტომ წავართვი, რომ მჭირდებოდა.
გოგოებმა არ იციან ჩვენი ჩხუბების ამბები. გოგოებს ეგეთ რამეებს არ ვუყვებით. ისე, იშვიათად ვჩხუბობთ, ვცდილობთ, ლაპარაკით მოვაგვაროთ, ნუ, თუ ვინმე ხისთავიანი შეგხვდა, რას იზამ. ვერ ვიტან, ბიჭებმა ზოგჯერ რომ იციან ტრაბახი, ის ვცემე, ეს ვცემეო. გოგოებიც არიან, ვისაც ეგეთი ბიჭები მოსწონთ. მე ეგეთი გოგოები არ მომწონს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: