RSS

რატომ იყო მაურიციო პეკორაროს კოლექცია ზედმეტად მდიდრული

23 Oct

არ არის დიდი ხანი, რაც ახალგაზრდა დიზაინერმა მაურიციო პეკორარომ მსოფლიო მოდის ყურადღება მიიქცია. თავდაპირველად, იტალიელმა დიზაინერმა ძალები, რა თქმა უნდა, მშობლიურ ქვეყანაში, მილანის მოდის კვირეულზე, მოსინჯა და შედეგმა გაამართლა. საერთოდ, მოდა ხომ ძალიან უცნაური რამაა, ან მაშინვე მიგიღებს, ყველა კარს გახსნის და მხოლოდ შენს გენიოსობაზე ალაპარაკდება, ან, თავიდანვე თუ აგითვალწუნა, შემდეგ რაც უნდა გააკეთო, „პერსონა ნონ გრატად“ დარჩები. ერთი სიტყვით, მაურიციო მიიღეს. მიიღეს და დღეს ის სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულების საპატიო სტუმარია.

აღსანიშნავია, რომ მაურიციო პეკორარო იმ დიზაინერთა რიცხვს მიეკუთვნება, ჯერ კიდევ ბაროკოს სტილში რომ მუშაობენ, მოსწონთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი. გულგრილი არ არის გასული საუკუნეების რომანტიზმის მიმართ და მისი მონა ხდება. ის ისე იყენებს ოქროსა და ვერცხლს, ლუვრის სასახლის ბრწყინვალებას არ ჩამოუვარდება. სეზონზე, რომლის ძირითად თემად ლითონი და ტყავი იქცა, მოდის კრიტიკოსებმა სახელიც კი შეარქვეს – „არ დაკარგო ჩემი ბაიკერი გოგონები“, მაურიციო პეკორარომ ძალიან ქალური, ნაზი და მდიდრული კოლექცია წარმოადგინა, მიუხედავად იმისა, რომ ტყავის სამოსი მისი ჩვენების დასაწყისში გამოჩნდა. ჩვენების გასამართად მან ძალიან სწორად შეარჩია ადგილი – მეჩვიდმეტე საუკუნეში ნაგები გრანდიოზული სასახლე „პალაცცო ლიტა“. თავისი კოლექციით პეკორარომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ყველას, ვინც კი მილანის მოდის კვირეულზე სეზონის ჰიტების დაკანონება დაიწყო.

ექსტრავაგანტური და საინტერესო სამოსი, სინაზისა და ქალურობის შერწყმა საშემოდგომო ოდნავ მოუხეშავ სამოსთან, ხელით გაფორმებული და მოქარგული პერანგები – მაურიციო პეკორარომ გამოააშკარავა ქალი, რომელსაც სიყვარული უნდა, რომელიც იმსახურებს კომპლიმენტებს, რომლის ჩაცმულობაშიც არასდროსაა რამე ზედმეტი და თვალში მოსახვედრი დეტალი, ის გამშვიდებს და დადებითად განგაწყობს.

კოლექციის ძირითადი ნაწილი მუქ და თბილ ტონალობებში იყო გადაწყვეტილი – შავი, ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მოკრემისფრო თეთრი და ხაკისფერი ელემენტები ისეა სამოსის ფერებში შერეული, რომ საოცარ ჰარმონიას ქმნის. გეჩვენება, რომ მთლიანობაში ერთი ფერია და არანაირი მკვეთრი გადასვლა თვალს არ ჭრის.

რაც შეეხება კონსტრუქციას, საშემოდგომო კოლექციაში პეკორარომ აქცენტი მომრგვალებულ, რბილ გადასვლებზე გააკეთა. თხელი ნაქსოვი ჟაკეტი, ნაცრისფერი აბრეშუმის ქვედა კაბა, ბეწვის კაშნე, რომელიც წელთან ძალიან წვრილი ქამრით არის დამაგრებული და რაც მთავარია, ულამაზესი ჩანთები, რომელთან ორიგინალური საკიდი მოდელს უჩვეულო იერს აძლევდა. მოკლე, კოჭამდე შარვლები ამ სეზონზე კვლავ აქტუალურია. სიცივის შემთხვევაში იტალიელი დიზაინერი თხელი შალის მოსასხამ-მანტოებს გვთავაზობს, რომელიც ძალიან უხდება ასევე თხელ პერანგსა და ქვედა კაბას. პეკორაროს ძალიან ბევრი უმუშავია ქსოვილზე. კოსტიუმების უმრავლესობა ხელით ნაქარგია, უამრავი მბზინავი ქვითა და თვლებით გაფორმებული, რომელიც თვალს არ ჭრის, არ არის გადაჭარბებული ან ზედმეტად მბზინავი. თუმცა, ზოგიერთ ქსოვილს თავად დაჰყვება მბზინვარება.

საინტერესოა, რომ პეკორაროს კოლექციაში არ იყო ჩექმა, რომელიც ამ სეზონის ჰიტია. მან, დატვირთვა ისევ ფეხსაცმელზე გააკეთა. მაღალქუსლიანი, კოჭამდე ფეხსაცმელი, რომელიც ზონარით იკვრება თბილ თბილისურ შემოდგომაზეც გამოგადგებათ. პეკორაროს ჩვენება გოგონების საერთო გამოსვლით დასრულდა. მათ ერთი სტილის, მაგრამ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული, შავი და კრემისფერი პერანგები ეცვათ. ამ გამოსვლამ მოდის კრიტიკოსების გული საბოლოოდ მოიგო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: